კლინიკა ენმედიცი - დინამო თბილისის პარტნიორია

„დინამო არენაზე“ გაიმართა მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისსა“ და “კლინიკა ენმედიცს” შორის.
თანამშრომლობის შედეგად, „კლინიკა ენმედიცი“ გახდა კლუბის ჯანმრთელობის ოფიციალური პარტნიორი და მომავალში იზრუნებს გუნდის ფეხბურთელების სრულფასოვან სამედიცინო მხარდაჭერასა და პროფილაქტიკაზე.
სპორტსმენების ჯანმრთელობის სისტემური მონიტორინგი უმნიშვნელოვანესია როგორც ინდივიდუალური კარიერის, ისე გუნდის საერთო წარმატებისთვის. UEFA-ს სტანდარტების მიხედვით, პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის წელიწადში ორჯერ სრული სამედიცინო შემოწმება აუცილებელი პრაქტიკაა. ეს უზრუნველყოფს შესაძლო დაზიანებებისა და დაავადებების დროულ აღმოჩენას, ასევე სპორტული ფორმის შენარჩუნებას და შედეგებზე ორიენტირებულ მაღალ დონეზე მზადებას.
„კლინიკა ენმედიცი“, როგორც ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიისა და დიეტოლოგიის წამყვანი ცენტრი საქართველოში, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მკურნალობასა და რეაბილიტაციას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, მაღალკვალიფიციური ექიმები და მიზნობრივი რეაბილიტაციის პროგრამები ქმნის სრულყოფილ სისტემას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალი სპორტსმენებისთვის.
აღნიშნული მიმართულებები იქნება ერთ-ერთი მთავარი საყრდენი „დინამო თბილისის“ ფეხბურთელთა ჯანმრთელობის დაცვასა და მათი სპორტული ფორმის შენარჩუნებაში.
„დინამო თბილისსა“ და „კლინიკა ენმედიცს“ შორის თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სპორტისა და პროფესიული მედიცინის სინერგიის მნიშვნელობას - როდესაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა განაპირობებს როგორც შედეგიან თამაშს, ასევე წარმატებულ სპორტულ კარიერას.