ჰიპოთირეოზი - სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა
.png&w=3840&q=75)
ენერგია იკლებს, თითქოს ფიქრის უნარი ნელდება, სხეული სიცივეზე უფრო მკვეთრად რეაგირებს - ამ უკანასკნელის საფუძველი ხშირად არის ჰიპოთირეოზი. ესაა მდგომარეობა, როცა ფარისებრი ჯირკვალი ვეღარ გამოიმუშავებს იმდენ თირეოიდულ ჰორმონს (T4/T3), რამდენიც ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის არის საჭირო. ეს კი მთელი ორგანიზმის დისფუნქციას იწვევს. ასე განმარტავს ამერიკის თირეოიდოლოგიის ასოციაციაცა და აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის გზამკვლევებიც ამ პრობლემას.
ჰიპოთირეოზამდე ყველაზე ხშირად მივყავართ აუტოიმუნურ პროცესს - ჰაშიმოტოს დაავადებას. ესაა პრობლემა, როცა იმუნური სისტემა თავადვე აზიანებს ჯირკვალს. სხვა მიზეზებს შორის არის ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა, რადიოთერაპია და იოდის დეფიციტიც. სწორედ ამ მიზეზთა გამო ჰიპოთირეოზი მრავალ ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული დიაგნოზია.
რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პრობლემის დროული აღმოჩენა?
ჰიპოთირეოზი მხოლოდ დისკომფორტი და დაღლილობა კი არა, მეტაბოლურ-სისტემური ცვლილებების წყაროა. თირეოიდული ჰორმონები აკონტროლებს ლიპიდურ ცვლას, ამიტომ მათი დეფიციტი ხშირად ზრდის ქოლესტერინის დონეს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს აძლიერებს. სწორი მკურნალობის დაწყების შემდეგ ეს ნიშნულები ხშირად უმჯობესდება.
დროული დიაგნოზი განსაკუთრებით კრიტიკულია ორსულობისას. მკურნალობის გარეშე მიმდინარე ან არასაკმარისად გაკონტროლებული ჰიპოთირეოზი ზრდის სპონტანური მუცლის მოშლის, პრეეკლამფსიისა და პლაცენტის დარღვევების ალბათობას. სწორედ ამიტომ ორსულობის დაგეგმვისას და ორსულობისას მაღალი რისკის მქონე ქალებმა უნდა შეამოწმონ ჰორმონების სტატუსი და საჭიროებისას დროულად დაიწყონ თერაპია.
იშვიათად, მაგრამ მძიმე შემთხვევებში, როცა ეს პრობლემა ხანგრძლივად რჩება მიუხედავი, ვითარდება მიქსედემური კრიზისი - სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ინტენსიურ მკურნალობას.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნერვული სისტემის მართვაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ენერგიის დაქვეითება, მოტივაციის დაკარგვა და ყურადღების გაფანტვა სწორედ ამ დეფიციტთან არის დაკავშირებული. კვლევებმა აჩვენა, რომ სწორი და დროული თერაპია კოგნიტიური სიმპტომების უკან დახევასაც იწვევს.
ჰიპოთირეოზის სიმპტომები - რატომ „იღლება“ სხეული?
პირველი სიგნალები ხშირად შეუმჩნეველია: დილით უკვე დაღლილი იღვიძებთ, დღის განმავლობაში ენერგია არ გყოფნით, საღამოს კი სიცივე სხვებზე მეტად გაწუხებთ. ქრონიკული დაღლილობა, წონის მატება და სიცივის აუტანლობა - ეს ნიშნები ხშირად უბრალო გადაღლილობას ან სეზონს მიეწერება. სინამდვილეში კი ეს არის ჰიპოთირეოზის სიმპტომები შეიძლება იყოს.
კანისა და თმის ცვლილებები დამატებითი ნიშნებია: ტენიანობის დაკარგვა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა. ქალებში ხშირია მენსტრუალური ციკლის დარღვევები და ნაყოფიერების პრობლემები. ზოგერთ პაციენტში გულისცემის შენელების პრობლემაც წარმოიქმნება, არც თუ იშვიათია ყაბზობა.
კუნთები კიდევ ერთი „ფრონტია“. ჰიპოთირეოზთან დაკავშირებული მიოპათია ნელა ვითარდება და ხშირად მიეწერება სხვა პრობლემებს , მაგალითად - ოფისურ ცხოვრების რეჟიმს, როცა ნაკლებს ვმოძრაობთ და სხეული ფიზიკურ დატვირთვას გადაეჩვევა ხოლმე. ეს პრობლემა ემოციურ მხარეზეც ახდენს გავლენას: გაღიზიანებადობა, მოტივაციის ვარდნა, უყურადღებობა და ზოგჯერ დეპრესიული სიმპტომებიც ჰიპოთირეოზის პაციენტების სიმპტომებია.
ჰიპოთირეოზის სიმპტომები ხშირად რჩება შეუმჩნეველი, რადგან ისინი არასპეციფიკურია და ჯანმრთელ ადამიანებშიც გვხვდება. თანაც ეს დაავადება ნელა პროგრესირებს, რის გამოც ბევრი ადამიანი ამ „ახალ ნორმას“ ეჩვევა. სწორედ ამიტომაც საბოლოო დიაგნოზს მხოლოდ ანალიზები სვამს.
აუტოიმუნური თირეოიდიტი - რა არის ჰაშიმოტოს დაავადება?
ჰიპოთირეოზის წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი ხშირად არის აუტოიმუნური თირეოიდიტი, იგივე ჰაშიმოტოს დაავადება. ამ დაავადების დროს იმუნური სისტემა იწყებს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებას: წარმოიქმნება ანტისხეულები (anti-TPO, anti-Tg), რომლებიც ნელ-ნელა ანადგურებს ჯანსაღ ქსოვილს. შედეგად, ჯირკვალი კარგავს ჰორმონების გამომუშავების უნარს და ვითარდება ჰიპოთირეოზი.
პირველ ეტაპზე სიმპტომები ხშირად არ არის. ანტისხეულები უკვე დადებითია, მაგრამ ჰორმონები ჯერ კიდევ ნორმაშია. სწორედ ამიტომ აუტოიმუნური თირეოიდიტი ერთ-ერთი ყველაზე „ჩუმი“ დაავადებაა.
დიაგნოსტიკისთვის პირველ რიგში ზომავენ TSH-ს და საჭიროებისას FT4-ს. თუ TSH მომატებულია, როგორც წესი, უნდა ჩატარდეს anti-TPO ტესტი. ანტისხეულების განმეორებითი მონიტორინგი აუცილებელი არაა, რადგან მკურნალობის ძირითად სამიზნედ ისევ TSH-ის დონის კონტროლი რჩება.
ასევე არ არის აუცილებელი ექოსკოპიაც, მაგრამ თუ კვანძის ეჭვია ან ანტისხეულები არ არის, ეს კვლევა მნიშვნელოვანია. ჰაშიმოტოსთვის დამახასიათებელია ჰიპოექოგენური, ჰეტეროგენული ჯირკვლის სურათი.
როგორ დავამარცხოთ ჰიპოთირეოზი? - მკურნალობა და ცხოვრების წესის ცვლილება
ცხადია, პირველი კითხვა, რასაც დიაგნოზის შემდეგ პაციენტები სხვამენ, დაავადებისგან თავის დაღწევის გზებია. როგორც დავამარცხოთ ჰიპოთირეოზი? - მკურნალობა აუცილებლად ენდოკრინოლოგმა მართოს და სწორედ მან მოგცეთ შესაბამისი რჩევები.
სწორედ ექიმი აფასებს სიმპტომებსა და რისკებს, ნიშნავს საჭირო ანალიზებს (TSH/FT4, საჭიროებისას ანტისხეულები) და განსაზღვრავს მონიტორინგის ინტერვალებს, რომ ჰორმონული ფონი სტაბილურად გაკონტროლდეს. თვითმკურნალობა და „საერთო სქემებზე“ დაყრდნობა სარისკოა, რადგან ზედმეტმა ან არასაკმარისმა ჩარევამ შეიძლება იმოქმედოს გულზე, ძვლებზე და მეტაბოლიზმზე.
მედიკამენტური მკურნალობა საფუძველია, მაგრამ კვება და ფიზიკური აქტივობა შედეგს აძლიერებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ჯანსაღად კვების დაწყება, რუტინაში ფიზიკური აქტივობის შემოტანა და, რაც მთავარია, საჭირო ნუტრიენტებისა და მინერალების, ნივთიერებების საკვებიდან მიღებაზე ზრუნვა.
ჰიპოთირეოზი vs ჰიპერთირეოზი - რა განსხვავებაა ამ დაავადებებს შორის?
ტავსართი ჰიპო მედიცინაში ხშირად ნაკლებობის გამოსახატად გამოიყენება, ჰიპერ - პირიქით, ზედმეტობის.
ჰიპოთირეოზისას ორგანიზმი ნაკლებ ჰორმონს წარმოქმნის. ამიტომაც სხეული თითქოს ნელდება: დაღლილობა, სიცივის აუტანლობა, წონის მატება, მშრალი კანი - ეს ყველაფერი ერთად აწუხებთ პაციენტებს. ჰიპერთირეოზისას კი პირიქითაა, რაც იწვევს აჩქარებულ გულიცემას, შფოთვა, ოფლიანობა, წონის კლება მადის ზრდის ფონზე და სხვ.
ცხადია, მკურნალობაც განსხვავებულია: ჰიპოთირეოზის დროს ორგანიზმს სჭირდება მეტი ხელოვნურად მიწოდებული ჰორმონი და სხვადასხვა ნივთიერება, ხოლო ჰიპერთირეოზს - ანტითირეოიდული პრეპარატები.
ჰიპოთირეოზი ბავშვებსა და ორსულებში
ბავშვებში თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი განსაკუთრებით საშიშია. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ტვინისა და ზრდის განვითარება შეუქცევადად ზიანდება. სწორედ ამიტომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს უნივერსალური ნეონატალური სკრინინგი.
დიაგნოზის შემდეგ დაუყოვნებლივ მკურნალობა უნდა დაიწყოს. მაგალითად, ახალშობილებში - დაბადებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა, რადგან ეს „ოქროს ფანჯარაა“, რომელიც ბავშვს ნორმალური ინტელექტუალური განვითარების საშუალებას აძლევს.
ორსულობისას ჰიპოთირეოზის კონტროლი დედისა და ნაყოფისთვის გადამწყვეტია. დოზა ხშირად იზრდება 20–30%-ით და მონიტორინგი ტარდება ყოველ 4-6 კვირაში. მკურნალობის გარეშე იზრდება მუცლის მოშლის, პრეეკლამფსიისა და ნაყოფის ნეიროგანვითარებითი შეფერხებების რისკი. ამ პერიოდში ენდოკრინოლოგისა და გინეკოლოგის ერთობლივი მონიტორინგი გადამწყვეტი მნიშვნელობისა შეიძლება იყოს.
დროულად გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები ჩუმად იწყება და თანდათან გვართმევს ენერგიას. ჰიპოთირეოზის დროული დიაგნოსტიკა იცავს პაციენტებს გულ-სისხლძარღვთა გართულებებისგან, ხოლო ორსულობისას - დედასა და ნაყოფს ჯანმრთელობისთვის რისკისგან.
სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ნაბიჯები მარტივია:
პირველ რიგში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, აუხსენით მდგომარეობა და ის განსაზღვრავს, რომელი ანალიზები გჭირდებათ;
აუცილებლად ჩაიტარეთ ყველა ის კვლევა, რასაც მკურნალი ექიმი გირჩევთ;
საჭიროების შემთხვევაში, ენდოკრინოლოგის რეკომენდაციით, ჩაიტარეთ ექოსკოპიაც.
რაც მთავარია, ზედმიწევნით მიჰყევით მკურნალობის გეგმას.
ექიმთან ერთ ვიზიტსა და ტესტს შეუძლია დიდი განსხვავება მოგცეთ: დროული დიაგნოზი და სწორი მკურნალობა აბრუნებს სხეულს იმ ტემპში, სადაც თავს ბუნებრივად, ენერგიულად და მშვიდად ვგრძნობთ.