დიაბეტი

ბლოგი
11 აგვისტო, 2025

დიაბეტი არის ქრონიკული დაავდება, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ამუშავებს ორგანიზმი სისხლში შაქარს, გლუკოზას. ეს არის ჯანდაცვის გლობალური პრობლემა, თანაც მზარდი, რომელიც მილიონობით ადამიანს აზარალებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. პაციენტების ზრდის ტენდენცია კი განპირობებულია ცხოვრების წესით, გენეტიკითა და ჯანმრთელობის სხვა ფაქტორებით. 

დიაბეტის რამდენიმე ძირითადი ტიპი არსებობს: შაქრიანი, უშაქრო და გესტაციური დიაბეტი. თავის მხრივ, შაქრიანი დიაბეტი იყოფა ორ ქვეტიპად: ტიპი 1 და ტიპი 2.

ტიპი 1 დიაბეტი არის ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა თავს ესხმის პანკრეასის მიერ ინსულინის გამომუშავების უჯრედებს და იწვევს ინსულინის დეფიციტს. ტიპი 2 დიაბეტი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია, ვითარდება, როდესაც ორგანიზმი ხდება ინსულინის მიმართ რეზისტენტული ან არ გამოიმუშავებს საკმარის რაოდენობით ჰორმონს.

რაც შეეხება უშაქრო დიაბეტს - ეს არის სრულიად განსხვავებული მდგომარეობა და არ არის დაკავშირებული სისხლში შაქრის დონესთან. უშაქრო დიაბეტი გამოწვეულია ორგანიზმის უნარის დაქვეითებით, დაარეგულიროს სითხის ბალანსი. უშაქრო დიაბეტი ჩნდება მაშინ, როცა თირკმელების ან ვაზოპრესინის ფუნქცია ირღვევა, რადგან სწორედ ეს ჰორმონია პასუხისმგებელი სითხის რეგულირებაზე.

გესტაციური დიაბეტი ორსულობის დროს ვითარდება, როდესაც დედის ორგანიზმი ვერ უმკლავდება სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. ის ჩვეულებრივ ქრება მშობიარობის შემდეგ, თუმცა ზრდის ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს. გესტაციური დიაბეტი განსაკუთრებით ყურადღებას მოითხოვს, რადგან შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც დედაზე, ისე ბავშვის ჯანმრთელობაზე.

ხშირად ისმის კითხვა - დიაბეტი განკურნებადია? მასზე პასუხი ცალსახა ვერ იქნება, რადგან განსხვავებული ტიპის დაავადებები განსხვავებულად იმართება. 

როგორ ამოვიცნოთ დიაბეტი? 

როგორც ყველა დაავადების შემთხვევაში, ამ დაავადებასთან დაკავშირებითაც პირველ რიგში გვიჩნდება კითხვა - როგორ ამოვიცნოთ დიაბეტი? გვაქვს გესტაციური, უშაქრო თუ შაქრიანი დიაბეტი - სიმპტომები და დიაგნოსტიკა რას მოიცავს და რა უნდა ვიცოდეთ? 

ცხადია, ამ პრობლემას ახასიათებს შესაბამისი ნიშნები, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ და საჭიროების შემთხვევაში ექიმსაც მივმართოთ. სხვადასხვა ტიპის დიაბეტს განსხვავებული სიმპტომები აქვს. 

მაგალითად, განვიხილოთ შაქრიანი დიაბეტი - სიმპტომები ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს:

  • გადაჭარბებული წყურვილი – თუკი მუდმივად განიცდით წყურვილის ძლიერ შეგრძნებას, მიუხედავად წყლის დიდი რაოდენობით მიღებისა.

  • ხშირი შარდვა – ორგანიზმი ცდილობს სისხლიდან ზედმეტი შაქრის მოშორებას, რაც იწვევს შარდვის სიხშირეს ზრდას.

  • წონაში სწრაფი კლება – მიუხედავად ნორმალური ან გაზრდილი მადის, ორგანიზმი ვერ იღებს საკმარის ენერგიას და იწყებს ცხიმებისა და კუნთოვანი მასის დაშლას.

  • ენერგიის ნაკლებობა და დაღლილობა – შაქარი ვერ ხვდება უჯრედებში ენერგიის წყაროდ, რაც მუდმივ დაღლილობასა და სისუსტეს იწვევს.

  • გულისრევა და პირღებინება – დიაბეტის უკონტროლო მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური კეტოაციდოზი (DKA), რაც ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას იწვევს.

  • მხედველობის დაბინდვა – შაქრის გაზრდილი დონე აზიანებს თვალში შემავალ სისხლძარღვებს, რაც იწვევს მხედველობის პრობლემებს.

  • ჭრილობების ნელი შეხორცება – დიაბეტი აუარესებს სისხლის მიმოქცევას, რის გამოც კანის დაზიანებები დიდხანს არ ხორცდება.

  • ყრუ ტკივილი, ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში – ეს ნერვული დაზიანებაა (დიაბეტური ნეიროპათია) და დაავადების ხშირი გართულებაა, რომელიც ძირითადად ქვედა კიდურებზე ვლინდება.

გესტაციური დიაბეტის სიმპტომები, როგორც წესი, ხშირად ჰგავს ხოლმე შაქრიანი დიაბეტისას. ხოლო რაც შეეხება უშაქრო დიაბეტს - რადგანაც ეს დაავადება არ უკავშირდება სისხლში შაქრის დონის პრობლემას და გამოწვეულია ორგანიზმის უნარის დაქვეითებით, შეინარჩუნოს წყალი, ვლინდება ისეთი ნიშნები, როგორიცაა გადაჭარბებული წყურვილი, დღეში 3-დან 20 ლიტრამდე შარდის გამოყოფა, დეჰიდრატაციის ნიშნები (მშრალი კანი და დაბალი წნევა), ძილიანობა და ენერგიის ნაკლებობა.

დიაბეტის დროულად აღმოჩენა და მისი ტიპის განსაზღვრა, ისევე, როგორც დაავადების სიმძიმის შეფასება მკურნალობისა და მდგომარეობის უკეთესად მართვის საწინდარია. დიაგნოსტირება, პირველ რიგში, ითვალისწინებს დაავადების ტიპის დადგენას, რადგან თითოეული სახის დიაბეტი მართვის სპეციფიკურ მეთოდებს მოითხოვს. შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 1 და ტიპი 2) დასადგენად მთავარი ტესტებია გლუკოზის ტესტი, გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი და HbA1c (გლიკოზირებული ჰემოგლობინის) ტესტი. გლუკოზის ტესტი ტარდება დილით, რვა საათიიანი შიმშილის შემდეგ და ზომავს სისხლში შაქრის დონეს. თუ ეს დონე 126 მგ/დლ-ს აღემატება, ეს დიაბეტის მაჩვენებელია. HbA1c ტესტი კი აჩვენებს გლუკოზის საშუალო დონეს ბოლო 2-3 თვის განმავლობაში და განსაკუთრებით ეფექტურია ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოსტირებისთვის.

გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტირება ორსულობის 24-28-ე კვირაში, გლუკოზის ტოლერანტობის ტესტით ხდება. პაციენტი სვამს გლუკოზით მდიდარ ხსნარს, რის შემდეგაც განისაზღვრება, რამდენად სწრაფად იწოვს ორგანიზმი შაქარს. თუ ტესტის შედეგები ნორმალურ დონეს აღემატება (200 მგ/დლ ან მეტი ორი საათის შემდეგ), ეს მიუთითებს გესტაციურ დიაბეტზე, რაც ორსულობის განსაკუთრებულ მონიტორინგს მოითხოვს.

რაც შეეხება უშაქრო დიაბეტს, მისი აღმოჩენა სითხის ბალანსის შეფასებითაა შესაძლებელი, რადგან ეს დაავადება დაკავშირებულია არა შაქრის დონესთან, არამედ ორგანიზმის უნართან, შეინარჩუნოს წყალი. ეს ტესტი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რადგან აჩვენებს, რამდენად კონცენტრირებულ შარდს გამოყოფს თირკმელი სითხის ნაკლებობის დროს. ასევე, უშაქრო დიაბეტი შეიძლება გამოვლინდეს ვაზოპრესინის ტესტითაც - ამ დროს  ფასდება, გამომუშავდება თუ არა ეს ჰორმონი და რეაგირებს თუ არა თირკმელები მასზე.

როგორ ვმართოთ დიაბეტი?

მას შემდეგ, რაც დიაგნოზი დასმულია და შესაბამისი კვლევებით დადასტურდა დაავადების არსებობა, პაციენტების უმრავლესობა სვამს კითხვას - დიაბეტი განკურნებადია? ამაზე პასუხი ცალსახა ვერ იქნება, რადგან ამ დაავადებას რამდენიმე ტიპი აქვს და ყოველი მათგანი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. 

ზოგადად დიაბეტის მართვა მოიცავს კვების, ვარჯიშის, მედიკამენტებისა და სისხლში შაქრის დონის კონტროლის კომბინაციას. დაბალანსებული კვება, რომელიც მდიდარია ცილებითა და ბოსტნეულით, და რეგულარული ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლუკოზის დონის შენარჩუნებაში. მედიკამენტები, როგორიცაა ინსულინი ან ორალური პრეპარატები ხშირად საჭიროა მკურნალობისას, პაციენტებისათვის დაავადების სიმძიმის მიხედვით. 

ტექნოლოგიური განვითარება, მაგალითად, გლუკოზის მონიტორინგის მოწყობილობები და ინსულინის ტუმბოები, დიაბეტის მართვას უფრო მარტივსა და ზუსტს ხდის. ამავდროულად, ისინი აადვილებს დიაბეტის მართვას, რადგან ამ დაავადების მქონე პაციენტებმა უნდა აკონტროლონ შაქრის დონე სისხლში. რამდენად ხშირად უნდა შეამოწმოთ სისხლში შაქრის დონე?

უნდა ვიცოდეთ, რომ სისხლში შაქრის დონის შემოწმების სიხშირე დამოკიდებულია დიაბეტის ტიპზე და იმაზე, იღებთ თუ არა დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უფრო ხშირად გაზომოთ შაქრის დონე თქვენივე სამედიცინო ისტორიის გათვალისიწნებით.

ზოგადად კი სისხლში შაქრის შემოწმების სტანდარტული დროებია:

  • დილით გაღვიძებისთანავე, სანამ რამეს შეჭამთ ან დალევთ.

  • ჭამის წინ.

  • ჭამიდან ორი საათის შემდეგ.

  • დაძინებამდე.

  • ფიზიკურ აქტივობამდე და მის შემდეგ, თუ ექიმი ასე გირჩევთ.

გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს სისხლში შაქრის მიზნობრივი მაჩვენებლები. მაგალითად, თუკი გაქვთ შაქრიანი დიაბეტი - ნორმა შეიძლება იყოს ჭამის წინ: 80-130 მგ/დლ, ხოლო ჭამიდან ორი საათის შემდეგ: 180 მგ/დლ-ზე ნაკლები.

უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშნელოვანია მკურნალი ექიმის რეკომენდაციაც. თქვენთვის მიზნობრივი შაქრის დონე შეიძლება ინდივიდუალური იყოს და დამოკიდებული იყოს ასაკზე, ჯანმრთელობის დამატებით პრობლემებზე და სხვა ფაქტორებზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული კონსულტაცია, რათა განსაზღვროთ თქვენთვის საუკეთესო მაჩვენებლები. 

ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი საკითხი - ჰიპოგლიკემია და ჰიპერგლიკემია, სისხლში შაქრის დაბალი ან მაღალი მაჩვენებელი. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორია ეს მაჩვენებლები, თუკი გვაქვს შაქრიანი დიაბეტი - ნორმა, როგორც ვთქვით, არის ჭამამდე მინიმუმ 80 მგ/დლ, ჰიპოგლიკემიურ მაჩვენებლად კი ითვლება 70 მგ/დლ და ნაკლები, ხოლო ჰიპერგლიკემიად - ნორმაზე მაღალი დონე.

რაც შეეხება შაქრიანი დიაბეტის მკურნალობას ან უკუგანვითარებას, ეს დამოკიდებულია ტიპზე. ტიპი 1 დიაბეტი ითვლება შეუქცევადად, რადგან ორგანიზმს არ შეუძლია იმ დაზიანებული უჯრედების აღდგენა, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებდნენ. თუმცა, ტიპი 2 დიაბეტის უკუგანვითარება ან რემისია შესაძლებელია ცხოვრების წესის ცვლილებების შედეგად, როგორიცაა წონის დაკლება, ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რემისია არ ნიშნავს სრულ განკურნებას - საჭიროა მუდმივი ყურადღება კონტროლი.

უშაქრო დიაბეტი ორ ძირითად ტიპად იყოფა: არსებობს ცენტრალური უშაქრო დიაბეტი, რომელიც ვითარდება ვაზოპრესინის (ანტიდიურეზული ჰორმონის) ნაკლებობის გამო, და ნეფროგენური უშაქრო დიაბეტი, როდესაც თირკმელები ვერ რეაგირებენ ამ ჰორმონზე. მკურნალობის მიზანია დეჰიდრატაციის თავიდან აცილება, ნორმალური სითხის ბალანსის შენარჩუნება და სიმპტომების შემცირება.

ცენტრალური უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში ყველაზე ეფექტურად ითვლება დეზმოპრესინის (DDAVP) მიღება, რომელიც ვაზოპრესინის სინთეტიკური ფორმაა. ეს მედიკამენტი ეხმარება ორგანიზმს სითხის შეკავებაში და ამცირებს შარდვის სიხშირეს. ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის რეგულირება, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის ზედმეტად შეკავება ორგანიზმში (ჰიპონატრემია).

ნეფროგენური უშაქრო დიაბეტის მართვა უფრო რთულია, რადგან ამ შემთხვევაში თირკმელები ვაზოპრესინზე არ რეაგირებენ. მკურნალობის ძირითადი ნაწილი მოიცავს კვების რეჟიმის ცვლილებებსა და ზოგიერთი მედიკამენტის მიღებას. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ თიაზიდური შარდმდენების (თიაზიდების) და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება, რაც ეხმარება თირკმელებს სითხის უკეთ შენარჩუნებაში. აგრეთვე, მნიშვნელოვანია მარილისა და პროტეინების რაოდენობის შემცირება კვებაში, რათა შეამციროთ თირკმელებზე დატვირთვა.

უშაქრო დიაბეტის ნებისმიერი ტიპის დროს აუცილებელია სითხის საკმარისი მიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუწყლოება. პაციენტებმა უნდა აკონტროლონ შარდის რაოდენობა, სხეულის წონა და ზოგადი მდგომარეობა. აუცილებელია ექიმთან რეგულარული კონსულტაცია და მკურნალობის გეგმის ცვლილება დაავადების მიმდინარეობის შესაბამისად. სწორად შერჩეული თერაპია პაციენტებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ ნორმალური და ხარისხიანი ცხოვრებით, მიუხედავად დაავადების არსებობისა.

რაც შეეხება გესტაციურ დიაბეტს - მისი მართვის ძირითადი მეთოდები არის ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და საჭიროების შემთხვევაში, ინსულინის თერაპია. მნიშვნელოვანია შაქრის დონის რეგულარული მონიტორინგი და ნახშირწყლების დაბალანსებული მიღება, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლში გლუკოზის მკვეთრი ცვლილებები.

თუ დიეტა და ვარჯიში საკმარისი არ არის, ექიმმა შეიძლება ინსულინიც დანიშნოს, რომელიც უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის. მკურნალობის მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორსულობის მიმდინარეობაა და თავიდან ავიცილოთ გართულებები. მშობიარობის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, შაქრის დონე ნორმალურ მაჩვენებლებს უბრუნდება, თუმცა ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი იზრდება, ამიტომ აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის გაგრძელება.

***

დიაბეტი მრავალფეროვანი და კომპლექსური დაავადება, რომელიც სწორ მართვასა და მუდმივ კონტროლს საჭიროებს. მისი სხვადასხვა ტიპი – შაქრიანი, უშაქრო და გესტაციური დიაბეტი – განსხვავებულად ვლინდება და თითოეულს შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ესაჭიროება. ტიპი 1 დიაბეტი დღესდღეობით განუკურნებელია, თუმცა, მისი სწორი თერაპია გვაძლევს საშუალებას, ცხოვრება ჩვეულ რიტმში გავაგრძელოთ. ტიპი 2 დიაბეტის მართვა და რემისია შესაძლებელია სწორი კვებით, ფიზიკური აქტივობით და ცხოვრების წესის ცვლილებებით - მისგან განკურნებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა, სწორი მკურნალობით შესაძლებელია დაავადებამ უკან დაიხიოს. გესტაციური დიაბეტი ხშირ შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ ქრება, თუმცა მომავალში ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის, ხოლო უშაქრო დიაბეტი, რომელიც სითხის ბალანსის დარღვევას უკავშირდება, საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას, მათ შორის მედიკამენტოზურ თერაპიას.

სწორი დიაგნოზის დროული დასმა და შესაბამისი მკურნალობა დიაბეტის ეფექტური მართვის მთავარი წინაპირობაა. სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლი, დაბალანსებული დიეტა, ფიზიკური აქტივობა და ექიმთან კონსულტაციები აუცილებელია დაავადების გართულებების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი ჯერ კიდევ განუკურნებელი დაავადებაა, თანამედროვე მედიცინა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა საშუალებას აძლევს პაციენტებს, მართონ დაავადება და იცხოვრონ სრულფასოვანი და აქტიური ცხოვრებით.