პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი

ბლოგი
5 ოქტომბერი, 2026

პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი — რა უნდა ვიცოდეთ და როდის არის საჭირო ექიმთან მისვლა?

მენსტრუალური ციკლის დარღვევა, აკნე, ჭარბი თმიანობა, წონის ცვლილება ან დაორსულების სირთულე — ქალების დიდი ნაწილი ამ სიმპტომებს ყოველდღიურ სტრესს, ჰორმონულ ცვლილებებს ან ცხოვრების დატვირთულ რეჟიმს უკავშირებს.

თუმცა, როდესაც მსგავსი ნიშნები მეორდება, მათი უგულებელყოფა არ ღირს. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი პოლიცისტური საკვერცხის სინდრომია  ჰორმონული მდგომარეობა, რომელიც რეპროდუქციული ასაკის ქალებში საკმაოდ გავრცელებულია.

PMOS მხოლოდ საკვერცხეების პრობლემა არ არის. მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს მენსტრუალურ ციკლზე, ოვულაციაზე, კანის მდგომარეობაზე, მეტაბოლურ ჯანმრთელობასა და ნაყოფიერებაზე. ამასთან, ყველა ქალში ის ერთნაირად არ ვლინდება.

რა არის პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი? რატომ არ ნიშნავს საკვერცხეში ბევრი ფოლიკულის არსებობა ავტომატურად PMOS -ს? რა კავშირი აქვს მას ინსულინრეზისტენტობასთან და ნიშნავს თუ არა ეს დიაგნოზი აუცილებლად დაორსულების პრობლემას?

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გინეკოლოგ ნინო ჭავჭავაძეს ვესაუბრეთ.

 

რა არის პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი?

საერთაშორისო გაიდლაინის განახლებული სახელწოდების მიხედვით, მდგომარეობას, რომელსაც აქამდე პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის (PCOS) სახელით ვიცნობდით, ახლა პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი (PMOS) ეწოდება. სახელწოდების ცვლილება შემთხვევითი არ არის — ის ასახავს თანამედროვე ხედვას, რომლის მიხედვითაც ეს მდგომარეობა მხოლოდ საკვერცხეების პრობლემა არ არის და ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე შეიძლება ახდენდეს გავლენას.

PMOS საკმაოდ გავრცელებული ჰორმონული მდგომარეობაა, რომელიც უმეტესად რეპროდუქციული ასაკის ქალებს ეხებათ. მისი გამოვლინებები შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც რეპროდუქციულ და ჰორმონულ, ისე მეტაბოლურ და ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

სწორედ ამიტომ, PMOS-ის შეფასებისას მხოლოდ საკვერცხეების მდგომარეობის ან ულტრაბგერითი კვლევის შეფასება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ქალის მენსტრუალური ციკლი, ჰიპერანდროგენიზმის ნიშნები, ჰორმონული მდგომარეობა, მეტაბოლური რისკები და ჯანმრთელობის სხვა ასპექტებიც. თანამედროვე გაიდლაინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გლუკოზის მეტაბოლიზმს, გულ-სისხლძარღვთა რისკებს, ძილის დარღვევებსა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასაც.

ამიტომ PMOS-ის მართვა ხშირად საჭიროებს მულტიდისციპლინურ მიდგომას. პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, პროცესში შეიძლება ჩაერთონ ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, დიეტოლოგი/ნუტრიციოლოგი, ფსიქოლოგი და სხვა შესაბამისი პროფილის სპეციალისტები. მათი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეფასდეს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სიმპტომი, არამედ პაციენტის ჯანმრთელობის სრული სურათი და შეირჩეს ინდივიდუალური მართვის გეგმა.

ამრიგად, ახალი სახელწოდება ხაზს უსვამს მთავარ ცვლილებას ჩვენს მიდგომაში: PMOS არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ საკვერცხეების პრობლემად — ეს არის მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მრავალმხრივი ჰორმონული, მეტაბოლური და რეპროდუქციული გამოვლინებები და შესაბამისად, პაციენტის შეფასებაც კომპლექსური უნდა იყოს.

 

და მაინც, რატომ ეწოდება „პოლიცისტური“? ეს ნიშნავს, რომ საკვერცხეზე აუცილებლად კისტებია?

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა. PMOS -ის დროს ულტრაბგერით შესაძლოა გამოჩნდეს მრავალი მცირე ფოლიკული, თუმცა ეს ჩვეულებრივი დიდი ზომის კისტებისგან განსხვავებული მდგომარეობაა. ამიტომ მხოლოდ ულტრაბგერითი კვლევის პასუხი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი დავუსვათ.

რა სიმპტომებია ყველაზე დამახასიათებელი?

ყველაზე ხშირად გვხვდება არარეგულარული ან იშვიათი მენსტრუალური ციკლი, ოვულაციის დარღვევა, ჭარბი თმიანობა, აკნე და სხვა ნიშნები, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ანდროგენების მომატებასთან.

ზოგიერთ ქალს ასევე აღენიშნება წონის მატება ან წონის დაკლების სირთულე.

თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია ერთი რამ  ყველა ქალი, რომელსაც PMOS აქვს, ჭარბწონიანი არ არის და ნორმალური წონის ქალსაც შეიძლება ჰქონდეს ეს სინდრომი.

თუ ქალს ციკლი არარეგულარული აქვს, ეს უკვე PMOS -ის ნიშანია?

არა აუცილებლად.

არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ჰორმონული ცვლილებები, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, პროლაქტინის ცვლილება, სტრესი, კვების დარღვევები და სხვა მდგომარეობები. ამიტომ მხოლოდ ერთი სიმპტომით დიაგნოზის დასმა არასწორია. სწორედ ამიტომ არის საჭირო ექიმის კონსულტაცია და კონკრეტული პაციენტისთვის შესაბამისი კვლევების შერჩევა.

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული საკითხი PMOS -სა და ინსულინრეზისტენტობას შორის კავშირია. რას უნდა მიაქციონ ქალებმა ყურადღება?

PMOS -ის მქონე ქალებში მეტაბოლური დარღვევების, მათ შორის  ინსულინრეზისტენტობის, რისკი შეიძლება მომატებული იყოს. ამიტომ პაციენტის შეფასება მხოლოდ გინეკოლოგიური მიმართულებით არ უნდა შემოიფარგლოს. საჭიროების შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ სისხლში გლუკოზის მეტაბოლიზმს, წნევას, ლიპიდურ პროფილს, სხეულის მასას და სხვა რისკ-ფაქტორებს.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტს ერთნაირი კვლევები არ სჭირდება. გამოკვლევების მოცულობა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.

 

PMOS -ის დიაგნოზი ქალისთვის ხშირად განსაკუთრებით შემაშინებელია ერთი მიზეზით — „დაორსულებას შევძლებ?“ რამდენად რეალურია ეს შიში?

PCOS ნამდვილად შეიძლება დაკავშირებული იყოს ოვულაციის დარღვევასთან და, შესაბამისად, ზოგიერთ ქალში დაორსულების სირთულესთან. მაგრამ ეს დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ქალი ვერ დაორსულდება. პირიქით, PCOS-ის მქონე ბევრ ქალს აქვს წარმატებული ორსულობა. თუ ქალი ორსულობას გეგმავს და აქვს არარეგულარული ციკლი ან ოვულაციის პრობლემა, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოს ექიმს და შეირჩეს შესაბამისი მართვის გეგმა.

ანუ PMOS -ის მართვა მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, როცა ქალი ორსულობას გეგმავს?

რა თქმა უნდა, არა. PCOS-ის მართვის მიზანი მხოლოდ ორსულობა არ არის. თუ ქალს აწუხებს ციკლის დარღვევა, აკნე, ჭარბი თმიანობა ან სხვა სიმპტომები, მათი მართვაც მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მეტაბოლური ჯანმრთელობის მონიტორინგი. მკურნალობის მეთოდი კი დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის მდგომარეობასა და მის მიზნებზე.

რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების წესს?

ძალიან დიდი. დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობა, ძილის რეჟიმი და ჯანსაღი ცხოვრების წესი PCOS-ის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა არასწორია მიდგომა, თითქოს PCOS-ის მქონე ყველა ქალმა აუცილებლად უნდა დაიკლოს წონა. აქ მთავარი არის ინდივიდუალური მდგომარეობის შეფასება და ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება რჩევები: „ეს საკვები ამოიღე“, „ეს დანამატი მიიღე და PMOS გაქრება“. რამდენად შეიძლება ენდოს ქალი ასეთ ინფორმაციას?

ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. PMOS -ის მართვის უნივერსალური დიეტა ან ერთი კონკრეტული დანამატი, რომელიც ყველა ქალში პრობლემას „მოაგვარებს“, არ არსებობს. სოციალურ ქსელში გავრცელებული რეკომენდაცია ვერ ჩაანაცვლებს ექიმის მიერ პაციენტის შეფასებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქალმა თვითნებურად არ დაიწყოს ჰორმონული პრეპარატების, მეტფორმინის, ვიტამინების ან სხვა საშუალებების მიღება.

საბოლოოდ, რა შემთხვევაში ურჩევდით ქალს, რომ აუცილებლად მიმართოს გინეკოლოგს?

თუ მენსტრუალური ციკლი ხშირად ირღვევა ან ხანგრძლივი პერიოდით ქრება, თუ გამოხატულია აკნე ან ჭარბი თმიანობა, თუ არსებობს ოვულაციასთან დაკავშირებული ეჭვი, ან თუ ქალი დაორსულებას ცდილობს და პრობლემა აქვს — ექიმთან კონსულტაცია ნამდვილად საჭიროა. ასევე მნიშვნელოვანია, ქალმა იცოდეს, რომ PCOS-ის არსებობის შემთხვევაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მთავარია სწორი დიაგნოზი და ინდივიდუალური მიდგომა.

და ერთი მთავარი გზავნილი ჩვენი მკითხველებისთვის?

ნუ შეაფასებთ საკუთარ ჯანმრთელობას მხოლოდ ერთი სიმპტომით და ნუ ეცდებით დიაგნოზის დასმას ინტერნეტში ნაპოვნი ინფორმაციის საფუძველზე. თუ ორგანიზმი გარკვეულ სიგნალებს განმეორებით გვაძლევს, მათი მოსმენა მნიშვნელოვანია. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი მართვადი მდგომარეობაა და სწორი მიდგომით შესაძლებელია როგორც სიმპტომების კონტროლი, ისე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

მთავარია, დიაგნოზმა არ შეგაშინოთ — მნიშვნელოვანია დროული შეფასება, სწორი მართვა და ექიმთან თანამშრომლობა.