რადიოლოგია
9 ექიმი
ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, ან პრობლემის საპოვნელად ზედაპირული დათვალიერება არ არის საკმარისი - ექიმებს დიაგნოზისთვის შინაგანი ორგანოების კვლევაც სჭირდებათ. სწორედ ამაში გვეხმარება რადიოლოგია.
ეს მედიცინის ერთერთი მიმართულებაა, რომელიც სხეულის შინაგანი სტრუქტურების დიაგნოსტიკისა და შეფასებისთვის გამოსახულების მეთოდებს იყენებს.
თანამედროვე მედიცინაში რადიოლოგიური კვლევები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ექიმებს საშუალებას აძლევს, დროულად აღმოაჩინონ დაავადებები, შეაფასონ მათი განვითარება და განსაზღვრონ მკურნალობის სწორი სტრატეგია.რატომ არის აუცილებელი რადიოლოგიური კვლევების ჩატარება?
რადიოლოგი დიაგნოსტიკის პროცესში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაავადება საწყის ეტაპბზეა და კლინიკური ნიშნები საკმარისად გამოხატული არ არის. რადიოლოგიური გამოკვლევები უზრუნველყოფს:
დროული დიაგნოზის დასმას – დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსს.
უსაფრთხო და ნაკლებ ინვაზიურ შეფასებას – ბევრ შემთხვევაში, რადიოლოგიური მეთოდები აგვარიდებს ქირურგიული ჩარევის ან სხვა დიაგნოსტიკური პროცედურების საჭიროებას.
მკურნალობის პროცესის მონიტორინგს – ამ ტიპის კვლევების მეშვეობით ექიმებს შეუძლიათ შეაფასონ, როგორ რეაგირებს ორგანიზმი დანიშნულ თერაპიაზე.
რადიოლოგიური კვლევების მეთოდები და მათ შორის განსხვავებები
რადიოლოგიურ კვლევებს შორის ერთერთი ყველაზე პოპულარული არის რენტგენი - ეს არის სხივებით მიღებული გამოსახულება, რომელიც გვიჩვენებს, სად შეიძლება იყოს დაზიანებული უბანი და რამდენად მძიმეა ეს დაზიანება.
თუმცა, რადიოლოგია მოიცავს ბევრ სხვა მიმართულებას, რომელთაგან თითოეული განსხვავებული მეთოდებით მუშაობს. მაგალითად, რენტგენი ძირითადად ძვლების, ფილტვებისა და ზოგიერთ სხვა ორგანოს შესასწავლად გამოიყენება.
მისი ერთგვარი ქვესახეობა, პანორამული რენტგენი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტომატოლოგიაში, რადგან ის ერთიან სურათს გვიჩვენებს ყბის, კბილებისა და პირის ღრუს სტრუქტურებზე, სწორედ პანორამული რენტგენი ეხმარება ექიმს ზუსტი დიაგნოზის დასმაში.
არსებობს რადიოლოგიური კვლევის კიდევ ერთი, შედარებით გავრცელებული სახეობა - ულტრაბგერითი გამოკვლევა, ე.წ. ექოსკოპია. ამ დროს ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით ორგანოების, რბილი ქსოვილების და ორსულობის მონიტორინგის ხდება. ულტრანგერითი გამოკვლევა უსაფრთხოა და არ შეიცავს მავნე გამოსხივებას, რის გამოც ის ხშირად პირველადი კვლევის მეთოდად გამოიყენება.
ულტრაბგერითი კვლევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენდოკრინოლოგიაშიც - სწორედ ექოსკოპიის საშუალებით იკვლევენ ფარისებრ ჯირკვალს. გამოკვლევა ეხმარება ექიმებს, დეტალურად და ზუსტად შეისწავლონ ჯირკვლის სტრუქტურა, აღმოაჩინონ შესაძლო კვანძები ან ანთებითი პროცესები. ეს სწრაფი და, რაც მთავარია, სრულიად უმტკივნეულო მეთოდი საშუალებას აძლევს სპეციალისტებს, დროულად მიიღონ საჭირო ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დაგეგმონ დამატებითი გამოკვლევები ან მკურნალობა.